საინფორმაციო ცენტრმა ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის დაგეგმილ საკოორდინაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
აპრილი 22, 2024
22.04.24 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის დაგეგმილ საკოორდინაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, “საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გენდერული თანასწორობის გაზრდისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები გააცნო და შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკის, შესაძლებლობების, გამოწვევების, სამომავლო პერსპექტივებსა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა საზოგადოებასთან პროაქტიული კომუნიკაციის წარმოების უპირატესობებზე, თანამედროვე საინფორმაციო სივრცისთვის დამახასიათებელ თავისებურებებსა და დეზინფორმაციასთან გამკლავების მეთოდებზე.
დისკუსიის ფორმატში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სხვადასხვა მიმართულებით მოწყვლადი და დისკრიმინირებული ჯგუფების სწორად ინფორმირება, მათი გადამზადება, გაძლიერება და გამოწვევებისადმი მედეგობის გაზრდა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გენდერული ძალადობის დაძლევისა და გენდერული თანასწორობისათვის” აჭარის რეგიონში პირველად ხორციელდება, რომლის მიზანია მოწყვლადი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა ინტეგრაციულ პროცესებში, მათი მხარდაჭერა კონკრეტული უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, დასახული მიზნების მიღწევა და დასაქმება.