საინფორმაციო ცენტრმა ორგანიზაციის „ევროპული მოძრაობა“ დანიური ოფისის წარმომადგენელთათვის საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა
ოქტომბერი 22, 2024
2024 წლის 18 ოქტომბერს, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ორგანიზაციის „ევროპული მოძრაობა“ დანიური ოფისის წარმომადგენელთათვის საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრა სასწავლო ტურის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების გაცნობას.
შეხვედრის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ზურაბაშვილმა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლელა გარსევანიშვილმა მიმოიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმდინარე დღის წესრიგი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის დეოკუპაციის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე. ამ კონტექსტში, მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევის და განხორციელებული რეფორმების შესახებ. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს როლს, ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დანიელი სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესით, ასევე რეგიონში არსებული ვითარებითა და უსაფრთხოების გამოწვევებით.