საინფორმაციო ცენტრსა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ნოემბერი 1, 2023
01.11.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “საინფორმაციო ცენტრსა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ შორის, ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის შესახებ საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა თეიმურაზ ჩიხრაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს 2024-2025 წლებში საჯარო სამსახურის ბიუროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლობითა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის – „საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების კურსი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ“ – განხორციელებას.
პროექტის ფარგლებში ქ. თბილისსა და რეგიონებში გამართული ინტენსიური სერტიფიცირებული სასწავლო კურსის შედეგად, ჯამში გადამზადდება 250-მდე საჯარო მოხელე.
„ საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე აუდიტორიას ქვეყნის მასშტაბით საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირები წარმოადგენენ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებს წარმოადგენს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საჯარო მოხელე თავისი საქმიანობიდან გამომდინარე შესაბამისობაში უნდა იყოს აღნიშნულ პრიორიტეტებთან, რაც მოითხოვს აღნიშნული მიმართულებით მათი ცოდნისა და უნარების ამაღლებას. შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის წარმართვისთვის მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებისთვის მიზანმიმართული საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. საჯარო მოხელეები, გარდა იმისა რომ თვითონ არიან ბენეფიციარები, ასევე, არიან ინფორმაციის გამავრცელებლები და მათი სათანადო ცოდნით აღჭურვას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. აღსანიშნავია, რომ 2019-2023 წლებში, ცენტრის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 15 000-მდე საჯარო მოხელისთვის 300-მდე ღონისძიება გაიმართა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალი პროექტი, საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო გავაფართოვოთ სამიზნე აუდიტორია და სიღრმისეული ინფორმაცია მივაწოდოთ მათ.“ – განაცხადა თამარა წულეისკირმა.
აღნიშნული სერტიფიცირებული სასწავლო კურსები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.