საინფორმაციო ცენტრში დანიის კვლევითი ორგანიზაციის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 18, 2023

18.09.2023 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისა და საქართველოში ვიზიტით მყოფი დანიის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ორგანიზაციის (Think Tank) „დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოება“ დელეგაციის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით კერესელიძე, ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ფარულავა, ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მარიკა ლალიაშვილი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი.დანიელი ექსპერტების, ჟურნალისტების, საჯარო მოსამსახურეებისა და შემდგარ დელეგაციას, ორგანიზაციის დირექტორი შარლოტე ფლინდტ პედერსენი ხელმძღვანელობდა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა მიმართა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების განწყობებზე, საინფორმაციო ეკოსისტემისა და ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე საქართველოში უსაფრთხოების, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე, ამ მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

აღსანიშნავია, რომ დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოება 1946 წელს დაარსებული გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც დღესდღეობით, 1500-მდე წევრს აერთიანებს. ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

დანიის დელეგაციის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციაში.