საინფორმაციო ცენტრში ხავიერ კოლომინა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

დეკემბერი 19, 2023

19.12.23 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ესტუმრა. ხავიერ კოლომინამ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრა გამართა თემაზე: საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია.

შეხვედრას მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გაუწია.

შეხვედრაზე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოზე, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის როლსა და მისი მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე, როგორც გლობალური, ისე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. დისკუსია გაიმართა ასევე, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გახსნილ შესაძლებლობებზე.

„მინდა მივულოცო საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილების მიღება. ეს არის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა. აგრეთვე ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, რომელთანაც ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახალხო დიპლომატიის მიმართულებით.“ – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

თავის მხრივ თამარა წულეისკირმა აღნიშნა, რომ საინფორმაციო ცენტრი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე დისკუსიის მნიშვნელოვანი პლატფორმა არის, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ პირველ წყაროდან მიიღონ გადამოწმებული ინფორმაცია, დასვან ყველაზე აქტუალური კითხვები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და მიიღონ პასუხები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ფარულავა.

ხავიერ კოლომინამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრები გამართა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.