საინფორმაციო ცენტრში უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართა

მარტი 25, 2024

25.03.24 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრის მოადგილე, ბალაშ მოლნარი და ევროპის საკითხთა კომისარი, ბოგლარკა ბალესტერ-ბოლია ესტუმრნენ.

მომხსენებლებმა ისაუბრეს 2024 წლის ივლის-დეკემბერში უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პროცესისა და პრიორიტეტების შესახებ.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე.

უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოსა და რეფორმების პროცესს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის, ისე ინტეგრაციული პროცესის მიმართულებით.

შეხვედრას მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გაუწია და ყურადღება გაამახვილა, ცენტრის, როგორც ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე დისკუსიის მნიშვნელოვანი პლატფორმის როლზე, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ პირველწყაროდან მიიღონ გადამოწმებული ინფორმაცია და იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრაში მონაწილეობა სხვადსხვა უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტმა მიიღო.