საჯარო მოხელეებისთვის დისტანციური მუშაობის გამოწვევებზე ლექცია გაიმართა

თებერვალი 9, 2021

09.02.21 – თბილისი

„უსაფრთხო ინტერნეტის“ დღესთან დაკავშირებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საჯარო მოხელეებისთვის გაიმართა ლექცია თემაზე “დისტანციური მუშაობის კიბერჰიგიენა”.

ლექცია კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ წაიკითხა და მსმენელებს დისტანციური მუშაობის პირობებში არსებულ გამოწვევებსა და საინფორმაციო რესურსების მართებულად გამოყენებისთვის უსაფრთხოების წესებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 250-მდე საჯარო მოხელემ მიიღო, მოდერაციას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი უწევდა. თამარა წულეისკირმა ინტერნეტის მზარდი ხელმისაწვდომობისა და სამუშაო პროცესის მეტწილად ინტერნეტ სივრცეში გადასვლის პირობებში დეზინფორმაციული კამპანიების გააქტიურებაზე და ამის პრევენციისთვის საინფორმაციო ცენტრის ძალისხმევაზე ისაუბრა.

ღონისძიება განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.