საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ბენეფიციარებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა
აპრილი 12, 2024
12.04.24 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კავშირის „21 საუკუნე“ ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ბენეფიციარებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე სემინარი ჩატარდა.
40-მდე ახალგაზრდასთან შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების გაზრდის და ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ახალგაზრდების როლს.
კავშირის “21 საუკუნე” თავმჯდომარემ პაატა გაჩეჩილაძემ ევროკავშირის სივრცეში სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების არსებულ მოდელებსა და სხვადასხვა კონფესიების დაცულობასა და პატივისცემაზე გაამახვილა ყურადღება.
სემინარის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ისტორიაზე, კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და სარგებელზე და Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობებსა და პროგრამაში მონაწილეობის საშუალებებზე ისაუბრეს.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.