საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილეები საინფორმაციო ცენტრს ეწვივნენ
ოქტომბერი 3, 2023

03.10.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა საქართველოს საგარეო უწყების და საქართველოში ვიზიტით მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ალბანეთის, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, სერბეთის) საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროების მოადგილეებს უმასპინძლა.
ღონისძიებას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გაუწია.
შეხვედრის ფარგლებში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიერ ევროინტეგრაციის პროცესში დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს და საერთო ინტერესთან ირგვლივ ერთიანი დღის წესრიგის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პანელური ხასიათის დისკუსიას თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტი ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრა თბილისში მიმდინარე ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების ფარგლებში გაიმართა. საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის) საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შორის კონსულტაციების მთავარი მიზანია ევროინტეგრაციის პროცესში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება და ევროინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების კოორდინირება. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების ფორმატების ჩამოყალიბება წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, რომელმაც მეტი დატვირთვა შეიძინა მას შემდეგ, რაც მოხდა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭება და, აღნიშნული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, საქართველოს გადანაცვლება გაფართოების პაკეტში.