სამცხე-ჯავახეთის ბიუროში საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პროექტის გახსნითი ცერემონია გაიმართა

აპრილი 26, 2022

26.04.22 – სამცხე-ჯავახეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროში საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პროექტის „მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“ გახსნითი ცერემონია გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაკარიანმა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მმართველი საბჭოს წევრმა, ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა კრიტიკული მასის შექმნას, რომლებიც აცნობიერებენ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის რისკებსა და მისცეს მათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მათი იდენტიფიცირებისა და განეიტრალებისთვის. ასევე, გააუმჯობესოს ეთნიკური უმცირესობების ცოდნა რუსეთის მიერ გამოყენებული დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

აღსანიშნავია, რომ პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი, პოლონეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით.