სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

ოქტომბერი 18, 2021

18.10.21 – სამცხე-ჯავახეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პედაგოგებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

სემინარის 50-მდე მონაწილეს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი ცხვიტავამ ალიანსის მიზნებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის დიექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა გაუწიეს და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.