სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
სექტემბერი 13, 2021
13.09.21 – ახალციხე, ადიგენი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ ნატო ბაჩიაშვილმა, ისაუბრა ნატო-ს დაარსების ისტორიაზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობის განვითარების ქრონოლოგიაზე, თანამშრომლობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-ს წევრი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების მაგალითებსა და საქართველოს ჩართულობას სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებში.
სემინარს, რომელსაც 60-მდე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელი ესწრებოდა, მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა გაუწია და საინფორმაციო ცენტრის მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.