სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა

მარტი 29, 2022

29.03.22 – სამეგრელო-ზემო სვანეთი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროკავშირის წვლილზე საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადიდ მნიშვნელობასა და შემდგომ პროცედურულ ნაბიჯებს. მომხსენებელმა ასევე ასოცირების ხელშეკრულებასა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

სემინარს, რომელსაც 220-მდე მოსწავლე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.