სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის სიმულაციური სწავლება ჩატარდა

მარტი 26, 2024

26.03.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში სიმულაციური სწავლება მოაწყო.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა პროექტის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო, ხაზი გაუსვა დეზინფორმაციის გავრცელების ნეგატიურ კონტექსტებს და ყურადღება გაამახვილა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.

სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ და განევითარებინათ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიეღოთ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინათ პრეზენტაციები.

აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით და პროექტის ყველა მონაწილეს საინფორმაციო ცენტრისგან სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

ინტენსიური სიმულაციური სწავლების დასასრულს, USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა – აჭარა-BEDEC წარმომადგენლებმა მარიამ ტარიელაძემ და ნანა ქათამაძემ დეზინფორმაციის სკოლის სიმულაციური სწავლების ეფექტიანობაზე გაამახვილეს ყურადღება და საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან თანამშრომლობით სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის შეთავაზების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.