სამოქალაქო ჟურნალისტიკის პროგრამის მონაწილეებთან დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 22, 2022

22.12.22 – მარნეული

მარნეულში, საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული ადგილობრივი ინიციატივების მხარდამჭერი მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. პროექტს ახორციელებს საინფორმაციო პორტალი „interpress.ge“, რომელიც აზერბაიჯანულ ენაზე მაუწყებლობს.

პროექტის მიზანია ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებსა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჟურნალისტად ჩამოყალიბება, მედიის საქმიანობის საფუძვლების გაცნობა და ჟურნალისტიკის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება და განვითარება.

სამოქალაქო ჟურნალისტიკის პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა. ირინა შამილაძემ ცენტრის საქმიანობაზე, პრიორიტეტებზე და ახალგაზრდებისთვის, როგორც საინფორმაციო ცენტრის მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მოწვეული ექსპერტი, სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი გიორგი ცხვიტავა ახალგაზრდებს სამოქალაქო ჟურნალიზმის არსზე, მის ისტორიაზე, პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებზე ესაუბრა. გიორგი ცხვიტავამ სამოქალაქო ჟურნალიზმის განვითარების პარალელურად მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

ადგილობრივი ინიციატივების მხარდამჭერი მცირე პროექტების კონკურსი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გამოცხადდა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.