სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 6, 2023
06.04.23 – სამცხე-ჯავახეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა კაჭკაჭიშვილმა გახსნა და სტუდენტებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, თეონა ზურაბაშვილმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბუჯიაშვილმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.