საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა
ივნისი 16, 2021
16.06.21 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კავშირის „21-ე საუკუნე“ ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა. სემინარზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები განიხილეს.
სემინარი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის ინსტიტუტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნეს.
თავის გამოსვლაში თამარა წულეისკირმა აღნიშნა, რომ სასულიერო პირები და სასულიერო სასწავლებლების მსმენელები საინფორმაციო ცენტრის უმნიშვნელოვანესი სამიზნე ჯგუფია და ცენტრის ამოცანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ მათთვის ამომწურავი, სწორი ინფორმაციის მიწოდება და ამ პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართვის უზრუნველყოფაა. თამარა წულეისკირმა განსაკუთრებით აღნიშნა ცენტრის ძალისხმევა, აღნიშნული სამიზნე ჯგუფი გახდეს მნიშვნელოვანი მოკავშირე საზოგადოებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროპული ინსტიტუტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მედეგობის გაძლიერების პროცესში.
ერთდღიანი სემინარის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ევროკავშირის დახმარების პროექტებისა და ინტეგრაციის პროცესში მიღებული სარგებლის შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ კი, ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო- საეკლესიო სისტემები, სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების დინამიკა,ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებული მოდელები განიხილა მსმენელებთან კავშირი „21-ე საუკუნე“ გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გაჩეჩილაძემ.
სემინარი წარმოადგენს საინფორმაციო ცენტრსა და კავშირის „21 საუკუნე“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულ აქტივობას, რაც ითვალისწინებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებსა და საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრების გამართვას.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.