„საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის“ ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივნისი 6, 2022
06.06.22 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ მარნეულში მდებარე „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის“ ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი თემურ სუყაშვილი მიესალმა და ცენტრის საქმიანობა გააცნო.
საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ფაგან აბბასოვმა, დამსწრეებს ევროპული გაერთიანების შექმნის ისტორიული კონტექსტი, ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუციონალიზაციის ეტაპები აზერბაიჯანულ ენაზე გააცნო.
შეხვედრის მეორე ნაწილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობაზე საუბარს დაეთმო. ყურადღება გამახვილდა ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობებზე, უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ შესაძლებლობებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.