საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთების მნიშვნელობაზე ონლაინ საჯარო ლექცია ჩატარდა
აპრილი 7, 2022
07.04.22 – რეგიონები
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ფართო საზოგადოებისთვის, მათ შორის საქართველოს მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის ონლაინ საჯარო ლექცია გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურა ხამაშურიძემ, ვრცლად ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და ინტეგრაციის შემდგომ ეტაპებზე.
„როგორც ლექციის სათაურში არის ნათქვამი, ეს არის ახალი ფურცელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში. ვიტყოდი, რომ თავისი პოლიტიკური შინაარსიდან, თავისი ისტორიული მნიშვნელობიდან და მათ შორის, იმ დიდი სამუშაოდან გამომდინარე, რომელიც აქამდე იქნა გაწეული და წინ კიდევ გველოდება მთლიანად ქვეყანას, ეს არათუ ფურცელი, არამედ თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ახალი ტომია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში“ – აღნიშნა ზურა ხამაშურიძემ.