საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მასწავლებლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მაისი 28, 2021
28.05.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ქეთი ჭუმბაძემ მასწავლებლებისთვის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ქეთი ჭუმბაძემ ხაზი გაუსვა მასწავლებლების როლს მომავალი თაობის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში და ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ერთის მხრივ ქვეყნის დეოკუპაციის, ხოლო მეორეს მხრივ ომის შედეგად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ.
შეხვედრას, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე მასწავლებელი ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გაუწია, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.