საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
მარტი 18, 2021
18.03.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარი, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით 120- მდე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა სალომე შაფაქიძემ,მონაწილეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, მნიშვნელობა და პერსპექტივები გააცნო. ასევე, ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებისა და ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობაზე.
„აღსანიშნავია, რომ ასოცირების ხელშეკრულება არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმთავარესი სამართლებრივი ხელშეკრულება, რომელიც რომელიმე მეორე მხარესთან გაგვაჩნია. ამ ხელშეკრულებით თანამშრომლობის თვისობრივად მაღალ ეტაპზე გადავედით და დღეს, ჩვენ ვართ უკვე ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა“ – განაცხადა სალომე შაფაქიძემ.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.