საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ნატო-ს თემატიკაზე სასერტიფიკატო კურსი ” ჩართულობის აკადემია” გრძელდება
დეკემბერი 18, 2020
კურსის ფარგლებში გამართულ ვებინარზე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ ახალგაზრდებს ჩრდილოატლანტიკური ატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ქრონოლოგიასა და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე მიაწოდეს ინფორმაცია.
მომხსენებლებმა ვრცლად ისაუბრეს თუ რა მთავარი პრინციპები გვაკავშირებს ალიანსთან და რა განაპირობებს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს, რამდენად ღირებული პარტნიორია საქართველო ნატოსთვის, რა პრაქტიკული ინსტრუმენტები გააჩნია ქვეყანას ნატოში გაწევრიანებისთვის და რამდენად დინამიურად ვითარდება ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებსა და საქართველოს წვლილზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობა 200-მდე სტუდენტმა მიიღო მოდერაციას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი უწევდა.
ვებინარების ციკლი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე და საქართველო- ნატოს თანამშრომლობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას. სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში სულ 5 ვებინარი გაიმართება, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიგონ მეტი ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები.
ღონისძიება ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.