საქართველოს სტუდენტური პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 11, 2021
11.02.21 – ქვემო ქართლი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროსა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონულმა წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს გააცნო ნატოს ძირითადი პრინციპები და ამოცანები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები და ამ პერიოდში გატარებული რეფორმები. მომხსენებელმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდებზე, მიდგომებზე, არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.