საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 24, 2022
24.03.21 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის აქტუალურ საკითხებზე, პერსპექტივებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ არსებულ ეტაპებზე, თუ რა გზა უნდა გაიაროს გაწევრიანების მსურველმა სახელმწიფომ და რა გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.
დისკუსიის ნაწილში განხილულ იქნა ქვეყნისთვის გახსნილი ახალი შესაძლებლობები და გააქტიურებული საინფორმაციო ოპერაციებისა და ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეები.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.