საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 8, 2022

08.04.21 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციის “დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება” პროექტის (ISCU) საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის აქტუალურ საკითხებზე, პერსპექტივებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობებითა და სტრატეგიული პარტნიორობით ჩვენი ქვეყნისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე. გააქტიურებული საინფორმაციო ოპერაციებისა და ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას კი, განხილული იქნა დეზინფორმაციული ნაკადების გააქტიურების მიზეზები და ციფრულ პლატფორმებზე მათგან თავის დაცვის ეფექტიანი ქმედებები.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.