საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 25, 2021

25.09.21 – ოზურგეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მხარდაჭერით, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, მისი განვითარების ძირეული ეტაპების, ევროკავშირის ინსტიტუციური სტრუქტურისა და კომპეტენციების კატეგორიების, ერთიანი შიდა ბაზრისა და შენგენის ზონის სამართლებრივი რეჟიმის ძირითადი მახასიათებლების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციებზე და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების არგუმენტირებული ინფორმირებისა და ამ მიმართულებით სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.