საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ ლექცია ჩატარდა
ნოემბერი 12, 2022

12.11.22 – სამეგრელო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, სტუდენტებთან ონლაინ ლექცია “საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები“ გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ პირობებსა და შემდგომ ეტაპებს, რომელსაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე.
ამასთანავე, მომხსენებელმა ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზეც ისაუბრა.
გარდა ამისა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.