საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა
მარტი 2, 2022

02.03.22 – იმერეთი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ერთობლივი ინიციატივით, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველო – ევროკავშირის თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა პროექტზე „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური დახმარებით საინფორმაციო ცენტრი 2018 წლიდან ახორციელებს.
შეხვედრაზე მომხსენებელმა განიხილა ევროპული ინტეგრაციის პროცესი, მასთან დაახლოების ეტაპები, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციები.
შეხვედრას, რომელსაც 80-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია სტუდენტური პარლამენტის წევრმა ანი მგალობლიშვილმა გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.