საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 10, 2022
10.03.22 – სამეგრელო-ზემო სვანეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით, დიასპორისა და კავკასიურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ ეტაპებზე, ასოცირების შეთანხმებაზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამებზე.
შეხვედრის დასასრულს მომხსენებელმა ცენტრის საქმიანობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.