საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები გაიმართა

დეკემბერი 15, 2022

15.12.22 – თბილისი

თბილისში პირველად გაიმართა ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ალბანეთის, მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის) საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის დიპლომატებს შორის.

კონსულტაციების ფარგლებში, დასავლეთ ბალკანეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს სამოქალაქო სექტორის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობენ.

შეხვედრას მოდერაცია გაუწია საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებული გამოწვევები და შედეგები. სტუმრებმა ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს და ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის მზაობა გამოთქვეს.

ინფორმაციისთვის: კონსულტაციების ფარგლებში, პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინიტროში გაიმართა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ გახსნა. კონსულტაციების მთავარი მიზანი იყო ევროინტეგრაციის პროცესში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების ფორმატების შექმნა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან სამუშაო დონეზე. აღნიშნული ფორმატები მოიაზრება როგორც საგარეო საქმეთა, ისე სხვადასხვა სექტორულ სამინისტროს შორის.

კონსულტაციების ფარგლებში, დასავლეთ ბალკანეთის დელეგაციის წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, შეხვედრები გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის, თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, იუსტიციის სამინისტროების, აგრეთვე, პარლამენტისა და ეროვნული ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

სტუმრებს, ასევე შესაძლებლობა ქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ საქართველოში განხორციელებული რეფორმების ცალკეულ მიმართულებებს.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების ფორმატების ჩამოყალიბება წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მოჰყვა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭებას და, აღნიშნული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, საქართველოს გადანაცვლებას გაფართოების რეგულარულ პაკეტში.