საქართველოში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის ატაშემ სტუდენტებისთვის ნატო-ს თემაზე ლექცია წაიკითხა

დეკემბერი 11, 2020

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ნატო-ს თემატიკაზე სასერტიფიკატო კურსი ” ჩართულობის აკადემია” გრძელდება.

კურსის ფარგლებში გამართულ ვებინარზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის ატაშემ პოლკოვნიკმა სტეფანი ბეიგლიმ 250-მდე ახალგაზრდას გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ნატო-ს როლზე მიაწოდა ინფორმაცია.

თავდაცვის ატაშემ ვრცლად ისაუბრა ნატო-ს მიერ წარმოებულ სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებზე და განსაკუთრებულად აღნიშნა ის წვლილი, რაც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. თავდაცვის ატაშემ ასევე მიმოიხილა თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოსა და აშშ.-ის ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობა.

ვებინარების ციკლი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე და საქართველო- ნატოს თანამშრომლობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას. სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში სულ 5 ვებინარი გაიმართება, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიგონ მეტი ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები.

ღონისძიება ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.