საქართველოში ავსტრიის ელჩმა სტუდენტებისთვის სამოქალაქო კრიზისის მართვის საკითხებზე შეხვედრა გამართა
მაისი 18, 2021

18.05.21 – თბილისი
“ევროპის დღეები 2021”-ის ფარგლებში დაგეგმილი ციფრული საუბრების ფორმატში, მორიგი შეხვედრა საქართველოში ავსტრიის ელჩმა თომას მიულმანმა გამართა. ავსტრიის ელჩმა სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან ევროკავშირის სამოქალაქო კრიზის მართვის საკითხებზე ისაუბრა.
სტუდენტებისთვის გამართულ ციფრულ შეხვედრას მოდერაცია გაუწია საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან აქტიურ კომუნიკაციაზე და განსაკუთრებით ახალგაზრდების ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, თომას მიულმანმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში სამოქალაქო მისიების მნიშვნელობაზე და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატსა და როლზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2021 წელს ევროპის დღეებს უკვე მეცხრედ აღნიშნავს. COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წელსაც ციფრულ ფორმატში იმართება.