საქართველოში ბულგარეთის ელჩმა სტუდენტებისთვის საჯარო ონლაინ შეხვედრა გამართა
მაისი 19, 2021

19.05.21 – აჭარა
“ევროპის დღეები 2021″-ის ფარგლებში დაგეგმილი ციფრული საუბრების ფორმატში, საქართველოში ბულგარეთის ელჩი დესისლავა ივანოვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
100-მდე სტუდენტისთვის გამართულ ციფრულ შეხვედრას მოდერაცია გაუწია საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და ევროპის დღეების მიმდინარეობაზე ისაუბრა.
სტუდენტებთან შეხვედრაზე დესისლავა ივანოვამ ბულგარეთის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და თავის პრეზენტაციაში დეტალურად მიმოიხილა აღნიშნული პროცესის თანმდევი ისტორიული გარემოებები. ბულგარეთის ელჩმა თავის გამოსვლაში ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებსა და საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი თანამშრომლების საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ბულგარეთის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გამოცდილებით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2021 წელს ევროპის დღეებს უკვე მეცხრედ აღნიშავს. COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წელსაც ციფრულ ფორმატში გაიმართება.