საქართველოში გერმანიის ელჩმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

ნოემბერი 24, 2021

24.11.21 – თბილისი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლექციების ციკლის „საუბრები ელჩებთან“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების 80-მდე სტუდენტს შეხვდა.

ჰუბერტ ქნირშმა სტუდენტებს ნატო-რუსეთის ურთიერთობების განვითარების ქრონოლოგიაზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსების მიზნებზე, ამოცანებსა და კოლექტიური თავდაცვის პრინციპზე. მომხსენებელმა, ასევე, მიმოიხილა ნატო-ს გაფართოების ეტაპები და ნატო-ს წევრი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების მაგალითები.

ონლაინ შეხვედრას მოდერაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გაუწია და ცენტრის საქმიანობის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.