საქართველოში იტალიის ელჩმა სტუდენტებისთვის საჯარო ონლაინ შეხვედრა გამართა

მაისი 20, 2021

20.05.21 – სამეგრელო

„ევროპის დღეები 2021″-ის ფარგლებში საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას უმეტეს წილად ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ და ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კოლეჯის “მოდუსი” და “მარნეულის კოლეჯი” სტუდენტები. ციფრული საუბრების ფორმატში ენრიკო ვალვომ იტალიის კონტექსტში ევროკავშირის ისტორიულ განვითარებაზე ისაუბრა.

100-მდე სტუდენტისთვის გამართულ შეხვედრას მოდერაცია გაუწია საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან აქტიურ კომუნიკაციაზე და განსაკუთრებით ახალგაზრდების ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე, საქართველოში იტალიის ელჩმა ვრცლად მიმოიხილა ევროკავშირის განვითარების ისტორია და მისი ძირითადი პრინციპები. ენრიკო ვალვომ ევროგაერთიანების თანამედროვე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილა ყურადღება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2021 წელს ევროპის დღეებს უკვე მეცხრედ აღნიშნავს. COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წელსაც ციფრულ ფორმატში გაიმართება.