საქართველოში ლიეტუვას ელჩმა სტუდენტებისთვის საჯარო ონლაინ შეხვედრა გამართა
მაისი 24, 2021
24.05.21 – თბილისი
„ევროპის დღეები 2021″-ის ფარგლებში სტუდენტებისთვის მორიგი ონლაინ შეხვედრა საქართველოში ლიეტუვას ელჩმა ანდრიუს კალინდრამ გამართა. შეხვედრაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვადასხვა უნივერსიტეტების 80-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.
შეხვედრაზე, ანდრიუს კალინდრამ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ტერიტორიული თვალსაზრისით პატარა ქვეყნების პოზიციონირებაზე, ლიეტუვას პარალელები გაავლო საქართველოსთან და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც ეს ქვეყნები დგანან და მათ გასამკლავებლად კოორდინირებული მოქმედებებისა და მიდგომების მნიშვნელობა აღნიშნა.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2021 წელს ევროპის დღეებს უკვე მეცხრედ აღნიშავს. COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წელსაც ციფრულ ფორმატში გაიმართება.