საქართველოში რუმინეთის ელჩმა სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გამართა

მაისი 18, 2021

18.05.21 – იმერეთი

„ევროპის დღეები 2021″-ის ფარგლებში დაგეგმილი ციფრული საუბრების ფორმატში, საქართველოში რუმინეთის ელჩმა რაზვან როტუნდუმ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ონლაინ შეხვედრა გამართა. რუმინეთის ელჩმა სტუდენტებთან ევროკავშირთან რუმინეთის ურთიერთობის, ის ორმხრივ ბენეფიტები, რასაც ქვეყანა იღებს ევროკავშირში გაწევრიანებით და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა.

80-მდე სტუდენტისთვის გამართულ ციფრულ შეხვედრას მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, ევროპის დღეების მიმდინარეობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე, რუმინეთის ელჩმა ისაუბრა როგორც ევროკავშირის საქმიანობასა და მის ძირითად პრინციპებზე, რუმინეთზე, როგორც ევროკავშირის წევრზე და ყურადღება გაამახვილა რუმინეთის გამოცდილებაზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის რანგში.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, სტუდენტები დაინტერესდნენ საქართველოს ევროინტეგრაციისა და საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობის პერსპექტივებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2021 წელს ევროპის დღეებს უკვე მეცხრედ აღნიშავს. COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წელსაც ციფრულ ფორმატში გაიმართება.