საქველმოქმედო ასოციაციის „გურია“ თანამშრომლებსა და ბენეფიციარებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივლისი 12, 2022

12.07.22 – ოზურგეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქველმოქმედო ასოციაციის „გურია“ თანამშრომლებსა და ბენეფიციარებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიისა და ნატო- საქართველოს თანამშრომლობის /პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და გამოწვევებზე.

ასევე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების არგუმენტირებული ინფორმირების მნიშვნელობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.