სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალის მონაწილეებისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები და ვიქტორინები მოეწყო
ნოემბერი 24, 2023
24-25.11.23 – ბათუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში, სასკოლო თეატრალური დასების რიგით მესამე ფესტივალის „პირველი ავტოგრაფის“ მონაწილეებისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები და ვიქტორინები მოეწყო.
ორი დღის განმავლობაში შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში, ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდებმა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელისგან აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილისგან მოისმინეს ინფორმაცია ევროინტეგრაციის საკითხებზე, ევროკავშირის შექმნის, ფუნქციონირების საკითხებზე, სამოქმედო პრონციპებსა და სტრატეგიულ პრიორიტეტებზე; საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს და ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობას, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებს. შეხვედრების ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ აგრეთვე ნატოს დაარსების, ფუნქციონირების, სამოქმედო გეგმების, სამშვიდობო მისიებისა და მსოფლიო უსაფრთხოების კუთხით ალიანსის სტრატეგიებს; საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკას, ალიანსთან თავსებადობის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.
გაიმართა დისკუსიები მსმენელებისთვის საინტერესო თემებზე, კითხვა-პასუხის რეჟიმში ხაზი გაესვა ანტიდასავლური პროპაგანდის ამოცნობის და დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავების ხერხებსა და მეთოდებს. შეხვედრების დასასრულს წამახალისებელი ვიქტორინებიც მოეწყო და ყველაზე აქტიურ მსმენელებს საინფორმაციო ცენტრისგან სიმბოლური პრიზები, ხოლო შეხვედრის ყველა მონაწილეს-თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
შეხვედრებზე ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ ავტორმა, დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა შემოქმედებითი ორგანიზაცია ა(ა)იპ „არტ პორტალი“ დირექტორმა მიხეილ გაბაიძემ და სამხატვრო ხელმძღვანელმა პეტრე ჩარგეიშვილმა, რომლებმაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პარტნიორებთან ერთად ორგანიზებული ღონისძიებების მიზანია რეგიონის ახალგაზრდობას ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, დასავლური ინტეგრაციის დინამიკისისა და მისი სიკეთეების შესახებ.
საინფორმაციო ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში რეგულარულად მართავს ღონისძიებებს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის ცნობიერების გაზრდის მიმართულებით და აჭარის რეგიონშიმოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ინსტიტუციასთან პარტნიორობით აფართოებს საკომუნიკაციო წრეებს.