სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

აგვისტო 11, 2022

11.08.22 – სენაკი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა ცენტრის მიზნებსა და საქმიანობის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.

ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსახორციელებელ ღონისძიებებსა და შემდგომ ეტაპებზე, რომელსაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე.

შეხვედრას, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია ესწრებოდა.

დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.