შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში

მაისი 31, 2023

31.05.23 – სოფელი ხანდო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდოს საჯარო სკოლაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ უფროსკლასელებთან საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, თეონა ზურაბაშვილმა, შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიის, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკის, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების, საგანმანეთლებლო გაცვლითი პროგრამების, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებული სიკეთეებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე, დეზინფორმაციის საკითხებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე.

ამასთან, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს ცენტრის მიერ გამოცემული სომხურენოვანი საინფორმაციო ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.