ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 12, 2023

12.06.23 – ჩოხატაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ადგილობრივი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ევროპული ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, მოწვეულმა ექსპერტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბუჯიაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, მის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მომხსენებელმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიზნებსა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებზე ისაუბრა და ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში, ირაკლი პაპავამ გაუწია და ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.