შეხვედრა ფერმერებსა და ადგილობრივ მეწარმეებთან

მაისი 21, 2021

21.05.21 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს რეგიონების ფერმერებთან და ადგილობრივ მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა ლაშა ინაურმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროინტეგრაციის პროცესი მიმოიხილა და აღნიშნული პროცესის თანმდევ ხელშესახებ სიკეთეებზე გაამახვილა ყურადღება.მსმენელები განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმ შესაძლებლობებით, რასაც ევროკავშირი სთავაზობს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და აგრარული პროდუქტების ექსპორტის თვალსაზრისით.

შეხვედრას, რომელსაც 35-მდე მსმენელი ესწრებოდა, მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გაუწია, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა და ამ კუთხით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებაზე და სტრატეგიული კომუნიკაციების როლზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტებში ეწყობა შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. შეხვედრები მიზნად ისახავს დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებასა და მოქალაქეების მეტ ჩართულობას ინტეგრაციის პროცესებში.