ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა
ივნისი 12, 2023

12.06.23 – ოზურგეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში, ადგილობრივი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში, ირაკლი პაპავამ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და პროექტებზე ისაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბუჯიაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დინამიკაზე, ამ პროცესში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მომხსენებელმა, ასევე, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებასა და ევროპული პერსპექტივაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ პროცედურებზე, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.