შეხვედრა იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან

მაისი 24, 2022

24.05.22 – იმერეთი
„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთში, რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრა, რომელსაც 60-მდე მოსწავლე ესწრებოდა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ გახსნეს და ევროინტეგრაციის პროცესში საზოგადოებასთან სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაკეთებულ განაცხადსა და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე.

შეხვედრას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა საქართველოს დასავლური კურსის უალტერნატივობას და მის მნიშვნელობას.

ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა, დამსწრეებს დასავლური ინტეგრაციის პროცესში არსებულ დეზინფორმაციულ ნარატივებზე, თანმდევ საფრთხეებზე და არსებულ გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება, ასევე, გამახვილდა დასავლური ღირებულებების მნიშვნელობასა და ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების უნარების გაძლიერებაზე.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და მის ბიოგრაფიას გაეცნენ.

„ევროპის დღეები 2022“ 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.