შეხვედრა კახეთის რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

მაისი 16, 2022

16.05.22 – თელავი

„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში ქ. თელავში, ერეკლე მეორეს სახლ-მუზეუმში ლაგოდეხის, საგარეჯოს, ყვარლის მუნიციპალიტეტისა და ქ.თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

ახალგაზრდებმა თელავის ისტორიული მუზეუმის გაცნობასთან ერთად, მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და მიღებული ხელშესახები სიკეთეების შესახებ.

შეხვედრა, რომელსაც 50-მდე მოსწავლე ესწრებოდა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა თამარა წულეისკირმა გახსნა. ევროპული კვლევების ფონდის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის შექმნის და მნიშვნელობის საკითხებზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის სტრუქტურებზე რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. შეხვედრას აგრეთვე დაესწრო ქ.თელავის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ მეტრეველი.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში და დაისვა საინტერესო კითხვები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ამ გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ერეკლე II-ის მუზეუმი მოინახულეს.

„ევროპის დღეები 2022“ 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.