პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში მარტყოფის სკოლაში შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 17, 2023

17.11.23 – მარტყოფი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში, მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეებისთვის სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში, თემურ სუყაშვილმა ვრცლად ისაუბრა ნატოსა და ევროკავშირის დაარსების, ფუნქციონირების, მიზნებისა და პრინციპების შესახებ. საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორიის, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგებისა და პერსპექტივების, აგრეთვე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებს.

მომხსენებელმა, ასევე, ხაზი გაუსვა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებს, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ „საგანმანათლებლო დებატ-კლუბები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით იმართება. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.

პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.