შეხვედრა რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
მაისი 19, 2021
19.05.21 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ქრონოლოგიაზე, თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. დავით ბუჯიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისა და უვიზო მიმოსვლით გახსნილ შესაძლებლობებზე.
შეხვედრას, რომელსაც 60-მდე მსმენელი ესწრებოდა მოდერაცია გაუწია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტებში ეწყობა შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. შეხვედრები მიზნად ისახავს დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებასა და მოქალაქეების მეტ ჩართულობას ინტეგრაციის პროცესებში.