შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

მაისი 17, 2022

17.05.22 – სამცხე-ჯავახეთი
„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში ქალაქ ახალციხეში რაბათის ტერიტორიაზე ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრა, რომელსაც 50-მდე მოსწავლე ესწრებოდა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა გახსნა და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და ევროპის დღეების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა მოსწავლეებთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ქრონოლოგიასა და უვიზო მიმოსვლაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა იმ სარგებელსა და რეფორმებზე, რომელიც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებამ მოუტანა. ასევე, მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ადამიანის უფლებების, განათლების, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებების შესახებ, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მოიცავს.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ახალციხის ციხე მოინახულეს.

„ევროპის დღეები 2022“ 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.