შეხვედრა სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლაში
ივნისი 12, 2023
12.06.23 – სოფელი გოგაშენი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლაში საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, თეონა ზურაბაშვილმა, შეხვედრაზე საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციის საკითხებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე.
ამასთან, შეხვედრაზე მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.